შეარჩიეთ დომენური სახელი

დომენის რეგისტრაცია

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესები 

 
1. რეგისტრატორი უფლებამოსილია ადმინისტრატორისთვის და ადმინისტრატორის სახელით დაამუშაოს დომენურ სახელებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები რეგისტრატორის ხელშეკრულების და დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების საფუძველზე, მხოლოდ იმ მიზნებისთვის და იმ პირობებით, როგორც ეს მოცემულია დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში და რეგისტრატორის ხელშეკრულებაში. წინამდებარე დანართი წარმოადგენს რეგისტრატორის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 
 
2. რეგისტრატორი თანხმობას აცხადებს და ვალდებულებას იღებს, რომ დაიცავს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და გამოიყენებს ასეთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად. 
 
3. რეგისტრატორი უფლებამოსილია გადასცეს ქვეკონტრაქტორებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილება მხოლოდ ადმინისტრატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 
 
4. რეგისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების შეგროვების და დამუშავების პროცედურის შესაბამისობა მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და ასახოს ასეთი პროცედურა რეგისტრატორის შიდა რეგულაციებში. 
 
5. რეგისტრატორი ვალდებულია მოთხოვნისთანავე გადასცეს ადმინისტრატორს მის ხელთ არსებული პერსონალური ინფორმაცია. 
 
6. რეგისტრატორი ვალდებულია გამოიყენოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცულობას. ამ მიზნებისთვის რეგისტრატორი ვალდებულებას იღებს, რომ: 
6.1 დაავალდებულებს მის მიერ დასაქმებული პერსონალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ არსებული მოთხოვნების და შესაბამისი პროცედურების შესრულებას;
6.2 პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად და დასამუშავებლად გამოიყენებს ისეთ ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან;
6.3 უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების გატარებას პერსონალური ინფორმაციის დაზიანების, მესამე პირებისგან არაავტორიზებული წვდომისგან დასაცავად. 
 
7. ადმინისტრატორი უფლებამოსილია მონიტორინგი გაუწიოს რეგისტრატორის მიერ რეგისტრატორის ხელშეკრულებით, დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების და დაცვის პირობების შესრულებას და ამ მიზნით შეამოწმოს რეგისტრატორის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი და წესები. 
 
8. რეგისტრატორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია შეწყვიტოს ადმინისტრატორის სახელით პერსონალური მონაცემების დამუშავება, სრულად გადასცეს ადმინისტრატორს მის ხელთ არსებული პერსონალური მოანცემები და წაშალოს ასეთი მონაცემები საკუთარი სისტემიდან და მონაცემთა ბაზიდან.